ინგლისის ხელისუფლებამ სილამაზის სალონებს, სპა-ცენტრებს, სასტუმროებს, სპორტულ დარბაზებსა და სხვა კომერციულ დაწესებულებებს მოზარდებისთვის "მზის ხელოვნური აბაზანების" აკრძალვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება.
ახალი კანონის თანახმად, კომპანიები, რომლებიც 18 წლამდე ახალგაზრდებს სოლარიუმში გარუჯვის ნებას მისცემენ, 33 ათასი დოლარის ეკვივალენტით დაჯარიმდებიან.
"ახალი კანონი დაავადებების რიცხვის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც 15-იდან 24 წლამდე ასაკის ადამიანებს ყველაზე მეტად უქმნის საფრთხეს", _ განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ან მილტონმა.
სტატისტიკის თანახმად, სოლარიუმით 11-იდან 17 წლამდე ინგლისელი მოზარდების 6% სარგებლობს. ხოლო ლივერპულსა და სანდერლენდში, სადაც მზიანი დღეები, ქვეყნის სამხრეთთან შედარებით, წელიწადში საშუალოზე ნაკლებია, სოლარიუმში 15-იდან 17 წლამდე ყოველი მეორე გოგონა დადის.
Cancer Research UK-ის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ყოველდღიურად დიდ ბრიტანეთში 35 წლამდე ახალგაზრდებს შორის ავთვისებიანი მელანომით დაავადების ორი შემთხვევა მაინც ფიქსირდება.
ამასთან, Cancer Research UK-ის ხელმძრავნელმა სარა ვულტონმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლარიუმი, თამბაქოს მოხმარებასთან ერთად, კიბოს განვითარების მხრივ ერთ-ერთ ძირითად რისკის წყაროდ მიიჩნია. ახალგაზრდებში სოლარიუმის გამოყენება ავთვისებიანი მელანომის რისკს 75%-ით ზრდის.
ახალი კანონის ამოქმედებაზე კონტროლს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონი შოტლანდიაში 2008 წელს მიიღეს.