ტოიოტას ავტომშენებელი კორპორაცია იაპონიის ყველა ქარხანაში 27 აპრილამდე განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
როგორც კომპანიის პრეზიდენტმა აკიო ტოედამ განაცხადა, ტოიოტას ქარხნების ნაწილი უკვე 18 აპრილიდან დაიწყებს მუშაობას. ამასთან, ავტოგიგანტის ყველა საწარმო 28 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით სადღესასწაულოდ გამოცხადებულ ე.წ. ოქროს კვირაში ისევ დაიხურება.
განახლების ამ ვადამ, შესაძლოა, კომპონენტების უკმარისობა გამოიწვიოს.
დღესდღეობით ტოიოტას ჩრდილოამერიკული საწარმო მხოლოდ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მასალის 15%-ს ღებულობს. ეს კი სრულყოფილი სამუშაოსთვის საკმარისი არაა.
ავტოკონცერნი 500 კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებიც ავტომანქანის კომპონენტების მიწოდებით არიან დაკავებულნი. თუმცა მათი უმრავლესობა სათადარიგო ნაწილებს იაპონიიდან იღებს.
ტოიოტა ერთადერთი არ არის, რომელიც იძულებულია, იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრის გამო წარმოება შეაჩეროს.
აპრილის შუა რიცხვებში Nissan Americas-მა და აშშ-ისა და მექსიკის სხვადასხვა საწარმომ იაპონიიდან კომპონენტების არარსებობის გამო, ასევე, შეაჩერეს მუშაობა.