კოტ დივუარის საერთაშორისოდ აღიარებული პრეზიდენტის, ალასანა უატარის მებრძოლებმა იმ ბუნკერზე იერიშის მიტანა დაიწყეს, სადაც მისმა მოწინააღმდეგემ, ლორან გბაგბომ თავი შეაფარა. ამის შესახებ "ფრანც-პრესი" იტყობინება. ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა ყოფილი პრეზიდენტის _ გბაგბოს ცოცხლად აყვანის დავალება მიიღეს.
კაპიტულაციის მიზნით გამართული ყველა ადრეული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, რადგან გბაგბოს მოწინაღმდეგეებმა მიიჩნიეს, რომ იგი დროს აჭიანურებდა. კერძოდ, გბაგბომ არ მოისურვა, რომ ალასანა უატარი ქვეყნის პრეზიდენტად ეღიარებინა და საამისო დოკუმენტზე ხელი მოეწერა.
ამის გამო პრეზიდენტის მიწისქვეშა ბუნკერის აღების გდაწყვეტილება მიიღეს. გბაგბომ იქ მას შემდეგ შეაფარა თავი, რაც მისმა ერთგულმა მებრძოლებმა უატარის ძალებისგან დამარცხება იწვნიეს.
ამასთან, გბაგბოს მომხრეებმა უატარი და საფრანგეთი მათი ლიდერის ფიზიკურად მოცილების მცდელობაში დაადანაშაულეს.
შეგახსენებთ, უატარსა და გბაგბოს შორის პოლიტიკური დაპირისპირება 2010 წლის ბოლოს დაიწყო, როცა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. გამარჯვებულად უატარი დასახელდა, რომლის გამარჯვებაც მსოფლიო საზოგადოებამ აღიარა. ამის მიუხედავად, იმ დროისთვის სახელმწიფოს მეთაურმა გბაგბომ პოსტის დათმობაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.
ყოფილ და ახალ პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო, რის შემდეგაც მხარეებს შორის საომარი დაპირისპირება დაიწყო. რამდენიმე დღეში გბაგბოს მებრძოლებისგან მთელი ქვეყანა გათავისუფლდა. ყოფილმა პრეზიდენტმა კი კონტროლი მხოლოდ ქალაქის ზოგიერთ რაიონში შეინარჩუნა. იგი გამაგრდა პრეზიდენტის სასახლეში, რომლის შტურმით აღებაც მისმა მოწინააღმდეგეებმა უკვე დაიწყეს.