დღეს, 17 ოქტომბერს, თბილისში დასრულდება ტრეინინგი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების მენეჯერებისთვის - "საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები მუზეუმებში".
ტრეინინგი ჩატარდა ICOM CECA-ს (საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქციების საერთაშორისო კომიტეტი) ექსპერტების - მარი-კლარტე ო'ნილის (ლუვრის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ინსტიტუტის პროფესორი, საფრანგეთი) და ნიკოლ გეშე-ქონინგის ბრიუსელის ხელოვნების სამეფო აკადემიის პროფესორი, ბელგია) ხელმძღვანელობით.
ტრეინინგში მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამების 18 მენეჯერი, რომლებიც გაეცნენ მუზეუმებში საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქციების განხორციელების მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, ანალოგიური პროგრამების შემუშავების, დაგეგმვისა და განხორციელების თანამედროვე მეთოდებს.
პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ. ტრეინინგი გაიმართება დიუმას ცენტრში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით.