კოტ-დივუარის ყოფილმა პრეზიდენტმა ლორან გბაგბომ, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი თქვა და ახლად არჩეული პრეზიდენტის ალასანა უატარის წინააღმდეგ შეიარაღებული კონფლიქტი გააჩაღა, კანონიერი ხელისუფლების წინაშე დანებება გადაწყვიტა. ამის შესახებ "ფრანც პრესი" იტყობინება.
უატარის თანაშემწისა და საფრანგეთში ივუარის ელჩის ალი კულიბალის თქმით, 5 აპრილს გბაგბო არჩეული პრეზიდენტის მომხრეებთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდა. კულიბალიმ აღნიშნა, რომ გბაგბო გუშინდლიდან მოყოლებული, ოპოზიციონრებთან კონტაქტს ეძებდა.
რამ აიძულა გბაგბო დათმობებზე წასულიყო, ჯერჯერობით უცნობია. უფრო ადრე კი ამბოხებულებმა აბიჯანში ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის აღება შეძლეს. თუმცა უცნობია, თავდასხმის მომენტში იმყოფებოდა თუ არა გბაგბო რეზიდენციაში. მეტიც, ქალაქში გავრცელებული ხმებით, ყოფილი პრეზიდენტი მოკლული იყო.
იმ ინფორმაციას, რომ ლორან გბაგბო მოლაპარაკებებს მართავს ალასანა უატართან, გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსიც" ადასტურებს. გამოცემის თქმით, გბაგბო საკუთარი რეზიდენციის ქვეშ ბუნკერში იმალება და მოწინააღმდეგეებთან კონტაქტს ფრანგი ელჩის საშუალებით ამყარებს. აქედან გამომდინარე, ყოფილი ლიდერი ოპოზიციონერთა ხელში უნდა იყოს, რომლებმაც მისი სასახლე ჩაიგდეს.
დამკვირვებელთა აზრით, ლორან გბაგბოსა და მის მომხრეებს გარდაუვალი მარცხი ელით. ალასანა უატარს მსოფლიო საზოგადოებრიობა მხარს უჭერს, განსაკუთრებით კი_საფრანგეთი, კოლონიზატორი, რომელმაც საკუთარი გავლენა რესპუბლიკაზე მის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც შეინარჩუნა.
ქვეყანაში მშვიდობიანი ძალების სტატუსით ფრანგი მეომრებიც იმყოფებიან.
4 აპრილს ფრანგებმა გაეროს მშვიდობისმყოფელებთან ერთად კოტ-დივუარში სამხედრო კამპანია დაიწყეს, რომლის მიზანიც მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ მიმართული მუქარის ნეიტრალიზება იყო. კოალიციურმა ძალებმა გბაგბოს არსენალი და საწყობი დაბომბეს, მის მომხრეებს კი შეიარაღება და რესურსები გაუნადგურეს. ამ სამხედრო მოქმედებებზე სანქცია გაეროს უშიშროების საბჭომ გასცა.
კოტ-დივუარში შეიარაღებული დაპირისპირება 2010 წლის ბოლოდან მას შემდეგ გრძელდება, რაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ახალმა პრეზიდენტმა ალასანა უატარმა მოიპოვა წარმატება.