"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერისა და საკრებულოს წევრ თინა ხიდაშელის განცხადებით, საკრებულოს არჩეული წევრებისთვის პრემიალური ფონდი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული თბილისის ბიუჯეტი და ასევე მნიშვნელოვნად მაღალია საკრებულოს წევრებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია საკრებულოს არჩეული წევრების მიერ რაიმე ტიპის პრემიის მიღება.
"ყველაზე დიდი პრემია, რომელიც ჩვენ ყველას უკვე მიღებული გვაქვს ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის ერთის მხრივ გამართლებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ შენარჩუნებისა და ოთხი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მიღებისთვის ყოველი ჩვენგანი საქმიანობს საკრებულოში. შესაბამისად, სწორედ განსაკუთრებული შრომისთვის, გამორჩეული საქმიანობისთვის, საპასუხისმგებლო ინიციატივებისა და ღონისძიებებისთვის დავბრუნდებით ამომრჩევლებთან ოთხი წლის შემდეგ და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ნდობის გამოცხადებას. ხალხის მიერ არჩეული წევრის მანდატთან აბსოლუტურად შეუთავსებელია განსაკუთრებული საქმიანობის პრინციპით პრემიის მიღება. ვინაიდან ყოველი ჩვენი ნაბიჯი თავისი არსით განსაკუთრებული უნდა იყოს დასაზოგადოების ყოფის შემსუბუქებას უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამ განსაკუთრებულობისა და გამორჩეულობისთვის ვიმყოფებით ამ დარბაზში", - განაცხადა ხიდაშელმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.
ხიდაშელის განმარტებით, ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში რომ გადაწყვეტილებით აიკრძალოს საკრებულოს არჩეული წევრების მიერ პრემიის აღების შესაძლებლობა და არავითარ შემთხვევაში არ ეხება საკრებულოს აპარატის მოხელეებს.