რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებულ ძალებში ეწერებიან და 50 ათასი რუსული რუბლის ოდენობით ხელფასს იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო "Life News"-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში რუს სამხედრო მოსამსახურეებზე დიდი მოთხოვნაა და სეპარატისტები აქტიურად იღებენ თავიანთი ე.წ. შეიარაღებული ძალების რიგებში რის ჯარისკაცებსა და ოფიცრებს.
სააგენტო ე.წ. აფხაზურ არმიაში ე.წ. საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამჟამად სეპარატისტთა ე.წ. შეიარაღებულ ძალებში 500 რუსი კონტრაქტის მომსახურეა.
"ქვეყნის ხელისუფლებას იმდენი ფული არ აქვს, რომ ხელფასის გადახდა და შენახვა უზრუნველყოს, ამიტომაც, სინამდვილეში ამ კონტრაქტით მომსახურეების უზრუნველყოფა რუსეთის ბიუჯეტიდან მოხდება. მათი ხელფასი კი 50 ათასი რუსული რუბლი იქნება", _ წერს "Life News"-ი და დასძენს, რომ აღნიშნული ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ დაადასტურა.
მისი თქმით, ყველა ვისაც აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე მუშაობა სურს თავდაპირველად შესაბამის შემოწმებას გადის. "მანამ ვიდრე ადამიანის შემოწმება არ მოხდება, მას ჯარში არავინ არ აიყვანს", _ აცხადებს ქიშმარია.
ამას გარდა, სააგენტოს ინფორმაციით, მერაბ ქიშმარიას ერთ-ერთი მოადგილის თქმით, რუსი სამხედრო მოსამსახურეები უფრო დისციპლინირებულნი არიან ვიდრე აფხაზები. ისინი უფრო კარგად ემორჩილებიან ბრძანებას და იცავენ სუბორდინაციას.