საქართველოს საგარეო უწყება ებრაელი ბიზნესმენების მიერ დე-ფაქტო აფხაზეთის საინვესტიციო კლიმატით დაინტერესების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"არ ვფლობთ ინფორმაციას იმის თაობაზე, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ებრაელი ბიზნესმენები აფხაზეთში. მეტწილად, ამ ტიპის ინფორმაცია არ დასტურდება ხოლმე", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს.
თუმცა, მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელური სააგენტოსმიერ გავრცელებული შესაბამისი ინფორმაცია დადასტურდება, ქართული მხარე განგაშს ატეხს.
"როგორც წესი, ჩვენ ასეთ ინფორმაციაზე ყოველთვის განგაშს ვახდენთ, საქმის კურსში ვაყენებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დე-ფაქტო აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარების ყველა ასეთი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო "იზრუ"-ს ცნობით, ებრაელ ბიზნესმენებს აფხაზეთში ინვესტიციების ჩადება სურთ და "ქვეყნის" საივესტიციო კლიმატის შესასწავლად ისინი სომხში იმყოფებოდნენ კიდეც.