"თავისუფლების ქარტია" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალდებულებს უზრუნველყოს ვიდეო დაკვირვების ერთიან სისტემაში სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ჩართვა.
ამის შესახებ ნათქვამია "თავისუფლების ქარტიის" პროექტში, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით უახლოეს ერთ თვეში განიხილავს და დაამტკიცებს.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტვირთების მონიტორინგი ტერორისტული აქტების აცილებისა და ტვირთების მონიტორინგის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული (ვიდეო) დაკვირვების სისტემის ბაზაზე სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ვიდეო დაკვირვების ერთიან სისტემაში სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ჩართვა, რომლებიც აღჭურვილნი არიან ანალოგიური ტექნიკით;
ასევე, შსს-მ უნდა განახორციელოს ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და ამ კანონით განსაზღვრული სტრატეგიული და სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების აღჭურვა.
სამინისტრომ ერთიან ქსელში ჩართვის მიზნით უნდა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტების, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიების ვიდეო დაკვირვების კამერებით აღჭურვა.
ამასთან, მერაბიშვილის უწყება ვალდებული იქნება უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გავლით შემომავალი და გადაადგილებული ტვირთების მონიტორინგი, იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შემოსვლის აღკვეთა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურთან ერთად საეჭვო ტვირთების გახსნა და მათი დათვალიერება-მონიტორინგი.
აღნიშნული კანონის მიღების მიზანს კი წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმის და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით კანონმდებლობაში განსაზღვრული ნორმების ეფექტური ამოქმედება და ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, პრევენციული ღონისძიებების გატარება საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ.
აგრეთვე საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ქუჩების, სოფლების და დაბების სახელწოდებების, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის და პროპაგანდის მატარებელი სხვა საშუალებების აღკვეთა.