"შეერთებული შტატები საკუთარ მეგობრებს, მათ შორის საქართველოს კარგად არ ეპყრობა", - წერს "Washington Post"-ი და ობამას ადმინისტრაციას რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებების პროცესში თბილისის მიტოვებაში ადანაშაულებს.
"პრეზიდენტ ობამას რუსული პოლიტიკის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსების დაშოშმინების შესახებ აშშ-ის სურვილი თავდაყირა დადგა. ჩვენ არ ვთავაზობთ საქართველოს შეიარაღებას, რომელმაც თავისი სამხედრო ნაწილები ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განათავსა. სამაგიეროდ უფასო ბილეთს ვაძლევთ რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული ჰყავს მისი მეზობელი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევით და სხვათა შორის, რუსეთის ქმედებები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ისეთივე ცუდი ან შესაძლოა უარესიც კია, ვიდრე ოდესმე იყო", - წერს გამოცემა.
ამასთან, ჟურნალისტი ჯენიფერ რუბინი შეერთებული შტატების ადმინისტრაციას რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროცესში უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამის გამო ობამას ხელისუფლებას აკრიტიკებს.
"ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი არ ჩაერევა მოსკოვსა და თბილისს შორის რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესში. არ არის გასაკვირი, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში კონსტრუქციული არ არის და რატომ უნდა იყოს? შეერთებულ შტატები არაფერს ითხოვს და მოსკოვის ვმო-ში გაწევრიანების პირობად არ აყენებს რუსული არმიის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დატოვებას, რომელიც მას ოკუპირებული აქვს. ამავდროულად, შეერთებული შტატები არ ჩქარობს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღებით უზრუნველყოფას"- აღნიშნავს "Washington Post"-ი.