წინასწარი ინფორმაციით, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მას ამომრჩეველთა 95 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მისი თქმით, მას აქვს "კარტ ბლანში" რომ გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები.
ნაზარბაევის თქმით, ის გააგრძელებს ეკონომიკურ რეფორმების გატარებასა და სოციალურ რეფორმებს. ნაზარბაევის ოპონენტების განცხადებით, მათ საკმარისი დრო არ ჰქონდათ არჩევნებში მომზადებისთვის.
ექსპერტების შეფასებით კი, არჩევნებში პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატების წარუმატებლობა მათმა სუსტემ განაპირობა, რის გამოც მათ გამარჯვების შანსი თავიდანვე არ ჰქონდათ. მათივე თქმით, ოპოზიციას არ ჰყოლია ერთი ძლიერი კანდიდატიც კი, რომელიც ნაზარბაევს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 3 აპრილს ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა - მოქმედი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის "კომუნისტური პარტიის" ლიდერი ჟამბილა ახმეტბეკოვი, "პატრიოტთა პარტიის" ლიდერი განი კასიმოვი და ეკოკავშირი "ტაბიგატის" ლიდერი მელსა ელეუსიზოვი. ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე 1059 უცხოელი დამკვირვებელი იყო აკრედიტებული. რესპუბლიკაში 9700-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში 2012 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყნის პარლამენტმა 2011 წელს მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ნურსულთან ნაზარბაევისთვის არჩევნების გარეშე უფლებამოსილების 2020 წლამდე გახანგრძლივებას გულისხმობდა, მაგრამ პრეზიდენტმა მის ხელმოწერაზე უარი თქვა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.