ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი, 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ეუთოს აკისრებს.
ამის შესახებ კოკოითიმ რუსეთის სახელმწიფო სოციალურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ ვთვლით და მზად ვარ ნებისმიერ სასამართლოში განვიმეორო, რომ აგრესიასა და ოსი ხალხის გენოციდზე პასუხისმგებელი ეუთოა, დამკვირვებლები, რომლებიც გაჩუმდნენ და გავიდნენ კონფლიქტის ზონიდან აგრესიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე", - აღნიშნავს სეპარატისტთა ლიდერი.
ამასთან, კოკოითის შეფასებით, დასავლეთი ვალდებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენაში დაეხმარნენ, რადგან სწორედ ისინი აძლევდნენ იარაღს "სააკაშვილის რეჟიმს".
"იმის ნაცვლად, რომ დასავლეთს მინიმალური პასუხისმგებლობა აეღო, პირიქით ამჯერადაც წაიყრუა და ეს პასუხისმგებლობა რუსეთმა აიღო და გვეხმარება ქვეყნის აღდგენაში", - აღნიშნა კოკოითიმ და დასძინა, რომ ზოგიერთი დასავლეთელი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე რუსეთის მხრიდან სამხედრო და ფინასური დახმარება ამ ტერიტორიების ანექსიად მონათლოს.
"რუსეთს სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება", - ამტკიცებს ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი.