ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლო მონაცემებით ამომრჩეველთა 66%-მა თავის არჩევანი უკვე გააკეთა.
ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 9 მილიონ 180 ათასი ადამიანიდან 6 მილიონ 94 ათასმა ადამიანმა უკვე მიიღო.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყნის სათავეში კვლავ ნურსულთან ნაზარბაევი დარჩება, რადგან მისი კონკურენტების რეიტინგი საკმაოდ დაბალია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ყაზახეთში პრეზიდენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩეველს ხმის მიცემა 20:00 საათამდე შეეძლება.
პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის - მოქმედი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის "კომუნისტური პარტიის" ლიდერი ჟამბილა ახმეტბეკოვი, "პატრიოტთა პარტიის" ლიდერი განი კასიმოვი და ეკოკავშირი "ტაბიგატის" ლიდერი მელსა ელეუსიზოვი.
ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე 1059 უცხოელი დამკვირვებელია აკრედიტებული. რესპუბლიკაში გახსნილია 9700-ზე მეტი საარჩევნო უბანი.
კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში 2012 წელს უნდა ჩატარებულიყო, მიუხედავად ამისა, ქვეყნის პარლამენტმა 2011 წელს მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ნურსულთან ნაზარბაევისთვის არჩევნების გარეშე უფლებამოსილების 2020 წლამდე გახანგრძლივებას გულისხმობდა, მაგრამ პრეზიდენტმა მის ხელმოწერაზე უარი თქვა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
ყაზახეთის პრეზიდენტი, 70 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყანას უკვე 20 წელია მართავს.