„რევოლუციას ვერ მოახდენს ვერც სოზარ სუბარი, ვერც ეროსი, ლევანი, ირაკლი, რევოლუციას მხოლდ და მხოლოდ ხალხი ახდენს", - განაცხადა „ქართული პარტიის" თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კალათბურთის სასახლეში გამართულ პარტიის პირველ კონფერენციაზე.
მისი თქმით, თუ ხალხი რევოლუციის მოხდენას გადაწყვეტს, „ქართული პარტია" ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება. ამასთან, სუბარი აცხადებს, რომ მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრძოლა უსისხლო გამარჯვებამდე მიიყვანოს.
„ბევრი აცხადებს, რა ერთობაზეა ლაპარაკი, ერთობამ შედეგი არ გამოიღოო. სინამდვილეში, მთელ მსოფლიოში ერთობას მოაქვს გამარჯვება. საქართველოში ერთობამ მოიტანა ყოველთვის გამარჯვება",_აცხადებს სუბარი და საზოგადოებასა და პარტიებს მოუწოდებს, დაივიწყონ განსხვავებებები.
ამასთან, სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ბოლო პერიოდში ხალხში იმედმა დაისადგურა.
„ამ ოთხი თვის წინ დავაარსეთ პარტია და ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეცვალა. ყველგან, სადაც დავდივართ, მთელ საქართველოში, ყველა ოჯახში, იციან „ქართული პარტიის" სახელი. იციან, რომ ეს პარტია იქნება სააკაშვილის რეჟიმის მესაფლავე",_აცხადებს სუბარი.