„ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, ვინც სახლში ჩვენს თავს კი არა, სააკაშვილის რეჟიმს გავუშვებთ",_განაცხადა „ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძემ კალათბურთის სასახლეში გამართულ პარტიის პირველ კონფერენციაზე.
მისი თქმით, თბილისი ის ქალაქია, რომელმაც ხერხემალში გადაღუნა სააკაშვილის რეჟიმი. ამასთან, გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ქართელი ხალხი გამარჯვებას იზეიმებს.
„ეს ჩვენი ისტორიაა, 100%-ით მჯერა, რომ ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება. ამის მზადყოფნას მალე გამოვხატავთ. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს",_აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.
მანვე დამსწრე საზოგადოებას გასამხნევებლად ერთი ფრაზის გამეორება სთხოვა: „მე ვარ მებრძოლი საქართველოსთვის", რაც დარბაზმა ერთხმად აიტაცა.
ამასთან, გაჩეჩილაძემ თანადგომისთის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გია ყარყარაშვილს და კმაყოფილება გამოთქვა, რომ პარტიის პირველი კონფერენცია მის მშობლიურ კალათბურთის დარბაზში გაიმართა.
შეგახსენებთ, დღეს კალათბურთის სასახლეში „ქართული პარტიის" პირველი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის ყველა რაიონის ორგანიზაციის აქტივი ესწრებოდა.