დღეს ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლეში „ქართული პარტიის" პირველი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე საზოგადოებას ლევან გაჩეჩილაძემ, სოზარ სუბარმა, კოკა გინცაძემ, ეროსი კიწმარიშვილმა, სოფო ხორგუანმა, კახა მიქაიამ მიმართეს.
„ქართული პარტიის" ლიდერებმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდეს, გვერდზე გადადონ ამბიციები და სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად გაერთიანდნენ. ამავე დროს, პარტია მზად არის სათავეში ჩაუდგეს რეჟიმის წინააღმდეგ გამოსულ ხალხს.
როგორც „ქართული პარტიის" დამფუძნებლები აცხადებენ, სააკაშვილის დრო კადაფის რეჟიმის მსგავსად განწირულია.
ქართული პარტიის თანათავმჯდომარემ ლევან გაჩეჩილაძემ დამსწრეებს საქართველოს მებრძოლად გახდომისკენ მოუწოდა.
პარტიის ერთ-ერთი წევრის სოფო ხორგუანის თქმით, მათ გვერდით არ იმყოფება ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პარიზშია და ყველაზე მეტად განიცდის, თუ რა მძიმეა საკუთარ სამშობლოსთან განშორება.
კონფერენციაზე ქართული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გადაღებული კლიპიც აჩვენეს, რომელზეც 7 ნოემბრის, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის ტრაგედიის კადრები იყო ასახული. კლიპს რეფრენად გასდევდა, რომ სააკაშვილის დრო ამოიწურა.
კონფერენცია ქართული პარტიის ჰიმნით დასრულდა. პარტიის მეორე კონფერენციის ჩატარების თარიღი უცნობია.