მუამარ კადაფის ხელისუფლების წარმომადგენელმა ლიბიელ ამბოხებულთა მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და დაზავების წინადადება უარყო. მისი თქმით, კადაფის რეჟიმის მიმართ ლოიალურად განწყობილი მებრძოლები იარაღს არ დაყრიან და დისლოკაციის ადგილებს არ დატოვებენ.
წინა დღეს ლიბიელმა ამბოხებულებმა ოფიციალურ ტრიპოლს დაზავება შესთავაზეს. ამბოხებულები მზად არიან, დაყარონ იარაღი და საომარი მოქმედება შეწყვიტონ, თუკი ლიბიის დასავლეთით მდებარე ქალაქები თავიანთი შეხედულების გამოხატვის მიზნით სრულ თავისუფლებას მიაღწევენ, კადაფი კი ქვეყანას დატოვებს.
"ისინი დაზავებას გვთავაზობენ. მათი სურვილია, დავთმოთ საკუთარი ქალაქები. ეს სიგიჟე არ არის? ამას არ დავთანხმდებით",_აცხადებს "როიტერთან" საუბარში მუამარ კადაფის ხელისუფლების წარმომადგნელი მუსა იბრაგიმი.
შეგახსენებთ, მუამარ კადაფის მომხრეებსა და ამბოხებულებს შორის შეტაკება ქალაქ ბრეგას დასაკუთრების მიზნით კვლავაც გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ დიქტატორის მომხრეები ქალაქს აიღებენ, შემდეგი ეტაპი უკვე ქალაქი აჯაბია იქნება, საიდანაც ამბოხებულთა მთავარი შტაბ-ბინისკენ_თობრუკისა და ბენგაზისკენ პირდაპირი გზა გადის.