"სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი შეუქცევადი პროცესია", - დარწმუნებულია ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი. "GeorgiaTimes" -ისთვის მიცემულ ინტერვიუში კოკოითი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის გაგრძელებაზე საუბრობს.
"სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი ეს შეუქცევადია და იმის გათვალისწინებით, რომ დღეს კონსულტაციებს ვაწარმოებთ რიგ სახელმწიფოებთან როგორც ევროპაში, ისე აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, დარწმუნებულნი ვართ, უახლოეს მომავალში რიგი სახელმწიფოების მიერ აღიარება მოხდება", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი და სიამაყით აღნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარა.
კოკოითი აცხადებს, რომ არაფერია საშიში იმაში, რომ მათი ე.წ. დამოუკიდებლობა მცირე რაოდენობის სახელმწიფოების მიერაა აღიარებული.
"დიდ ტრაგედიას არ ვქმნით იმისგან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დღეისთვის მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აღიარა. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ გვაღიარა რუსეთის ფედერაციამ. ვაშენებთ ნორმალურ საგარეო პოლიტიკურ ხაზს, საერთაშორისო პრაქტიკაში ვიცი ძალიან ბევრი მაგალითი იმისა, რომ მრავალი სახელმწიფო ერთმანეთს ათწლეულობით არ აღიარებდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნორმალური და თანამედროვე სახელმწიფოს შენება ყველაზე საიმედო ნაბიჯია საერთაშორისო აღიარებისკენ", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.
მისი თქმით, "დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი" ავითარებს ურთიერთიბებს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც აღიარეს მისი "დამოუკიდებლობა".
"რუსეთთან გვაქვს ნორმალური, თანამედროვე ურთიერთობები, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. რუსეთი სრული მოცულობით ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს სიტუაციის გათვალისწინებით სამხრეთ ოსეთში. როგორც იცით, სამხრეთ ოსეთი პრატიკულად დანგრეული იყო და მრავალმა ეს დახმარება რუსეთის მხრიდან, ეს ზრუნვა რუსეთის მხრიდან სხვისი ტერიტორიების ანექსიად შეაფასა", _ აცხადებს კოკოითი და დასძენს: "ზუსტად ვიცი, რომ რუსეთს სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება და ამავე დროს ვიცი ისიც, თუ როგორ აშენებს რუსეთი ნორმალურ, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან".