ოსი სეპარატისტები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ადგილის შეცვლას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ვიდრე სოფელ ერგნეთს "ნატოს ზონა" ეწოდება, ამ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელია. მანამ ვიდრე ერგნეთი ე. წ. ნატოს ზონაა სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს", _ აცხადებს აღნიშნულ მოლაპარაკებებზე სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელი მერაბ ჩიგოევი.
მისი განმარტებით, ოს სეპარატისტთა გულისწყრომას ასევე იწვევს ის ფაქტი, რომ ქართული მხარე და მათთან ერთაც ევროკავშირის წარმომადგენლები უმოქმედობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების მოძიებაში, რომელთა გატაცებასა და დამალვას სეპარატისტები ქართულ მხარეს აბრალებენ.
"სამხრეთ ოსეთის მხარე იმედოვნებდა, რომ ქართული მხარე გაითვალისწინებდა თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებს და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მოძიების საქმეში ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა. თუმცა დღეს დანანებით შეიძლება აღინიშნოს, რომ ქართული მხარე უმოქმედობს და მეტიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მუშაობის ჩაშლას ცდილობს ხსნის რა ამ შეხვედრების ჩატარების ადგილზე "პიონერულ ბანაკს" სახელწოდებით "ნატოს ზონა", _ აცხადებს ჩიგოევი.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტები რამდენიმე ხნის წინ მსგავსი განცხადებით გამოვიდნენ და ერგნეთის შეხვედრების ადგილის სოფელ დვანში გადატანა მოითხოვეს. ამის მიზეზი სოფელ ერგნეთის სკოლაში "ნატოს კუთხის" გახსნაა.
საინტერესოა, რომ "ნატოს კუთხის" გახსნა ერგნეთის სკოლაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც სპეციალური განცხადებით დაგმო.