2, 3, 4 აპრილს, გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარი არის მოსალოდნელი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველი სინოპტიკოსების პროგნოზს ევროპის წამყვანი მეტეოროლოგიური სააგენტოებიც ადასტურებენ.
"სამი დღის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში ტემპერატურა შემცირდება და საგრძნობლად აცივდება, რასაც კასპიის ზღვიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები განაპირობებენ. დასავლეთ საქართველოში ქარის სიმძლავრე 25-29 მ/წმ-ში, ხანგამოშვებით კი 30-32მ/წმ-ს მიაღწევს. სტიქია საფრთხეს შეუქმნის შენობების სახურავებს, ელექტროგადამცემ ხაზებს და ბოძებს, ასევე ხის ნარგავებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სტიქიისგან მიყენებული მოსალოდნელი ზიანის შემცირების მიზნით გარემოს დაცვის სამინისტრო განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რაიონების ადგილობრივ თვითმმართველობებს აფრთხილებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების ბიურო 24- საათიან რეჟიმში იმუშავებს. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია", რომელიც საქართველოში 860 ათას აბონენტს ელექტროენერგიით ამარაგებს.