რუსი სპეცსამსახურების ორმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომლებიც აშშ-ში წლების განმავლობაში იმალებოდნენ, აშშ-ის ფედერალური სამსახურიდან საკუთარი ნივთების დაბრუნების მიზნით ადვოკატები დაიქირავა.
ვლადიმერ და ლიდია გურევები (იგივე რიჩარდ და სინტია მერფები) აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსგან ავტომობილების, ფულის, ვიდეოკამერების, ფოტოაპარატებისა და კომპიუტერების დაბრუნებას ითხოვენ.
გურევების სურვილია, აპარატურიდან ამოღებული ფოტო- და ვიდეომასალაც გადაეცეთ. მათი მტკიცებით, ეს მასალა არანაირ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენს და იგი მხოლოდ გურევებისთვის ძვირფასი ნივთებია.
ამერიკული გამოცემის მიხედვით, რუსი აგენტები საკუთარ ხელმძღვანელობასთან კავშირის მიზნით ნოუთბუკებს იყენებდნენ, რომლებიც სპეციალური პროგრამით იყო უზრუნველყოფილი.
ამერიკული მხარე ეჭვობს, რომ გურევების მიერ მოთხოვნილი ფოტოსურათები უწყინარი არ უნდა იყოს. მეუღლეთა ბინის ჩხრეკის დროს ფედერალური სამსახურის აგენტებმა შენიშნეს, რომ ისინი სტენოგრაფიული პროგრამით სარგებლობდნენ. გამოსახულების ფაილებს შიგნით გუროვები "ტექსტურ ფაილებს" მალავდნენ და მოგვიანებით მათ ყველასთვის მისაწვდომ საიტებზე ტვირთავდნენ. ეს კი მათ შესაძლებლობას აძლევდა, სხვა არალეგალ აგენტებთან ყველას თვალწინ გაეცვალათ ინფორმაცია.
მეუღლე-ჯაშუშების თხოვნას ამერიკული პრესა აგრესიულად შეხვდა. მათი აზრით, რუსულ დაზვერვას ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს. კერძოდ, ესაა უსაზღვრო თავხედობა. აშშ-ის პრესა გაღიზიანებულია, რომ ამჯერად ჯაშუშებმა მათგან ამოღებული დაზვერვის მოწყობილობების დაბრუნება მოითხოვეს.
შეგახსენებთ, 2010 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 11 რუსი აგენტის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად მუშაობდნენ. ჯაშუშების გამოვლენა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ს რუსეთის პრეზიდენტი ეწვია.