საქართველოს ხელისუფლება ორი წლით ადრე იწყებს ევრობონდების მომსახურების გადახდაზე ფიქრს. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატებთან" 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა.
ხუროშვილმა მაგალითად პორტუგალია მოიყვანა, რომელმაც ერობონდების მომსახურებასთან დაკავშირებით ახალი ევრობონდების გამოშვება დააგვიანდა, რის გამოც ქვეყანას პრობლემა შეექმნა.
"2008 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებისთვისთვის სახელმწიფო 10-წლიან ევრობონდებს უშვებს. ფაქტობრივად, ორი წლით ადრე ვიწყებთ საგარეო ვალის მომსახურების გადახდას. გამოშვებული ევრობონდებით ძველის რეფინანსირება მოხდება და მისი გადახდა 2020 წლისთვის გადაიწევს", - აღნიშნა ხუროშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ვალდებულებებს ასრულებს, ივესტორებისთვის კარგი ინდიკატორია.
ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, 10-წლიანი ევრობონდები დადებითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტი თანხა დააბანდონ.