ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" შოკირებულია ეგვიპტელი ბლოგერის მაიკელ ნაბილ სანადის დააპატიმრების გამო, რომელიც სამხედრო პოლიციამ არმიის გაკრიტიკიების გამო დააკავა.
"როგორ შეიძლება, ვენდოთ მათ, ვინც სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დემოკრატიისკენ გადასვლას გვპირდება, მოგვიანებით კი პირველივე კრიტიკული აზრის გამოთქმის შემდეგ მშვიდობიან ბლოგერებს ციხეებში ისტუმრებს?"_ კითხულობს "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გენერალური მდივანი ჟან-ფრანსუა ჟილიარი.
მისი თქმით, დაკავების ფაქტი ეგვიპტეში სიტყვის რეალურ თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
შესაძლოა, სამხედრო დაწესებულებების შეურაცხყოფისა და მათზე შეგნებულად გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო 25 წლის ბლოგერს სამ წლამდე პატიმრობა შეუფარდონ. ამასთან, მას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევაშიც ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, ეგვიპტის ხელისუფლებაში სამხედროები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ აღმოჩნდნენ. მათი დაპირებით, ამავე წელს ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
არაერთმა ექსპერტმა ფრთხილი დამოკიდებულება გამოთქვა ქვეყანაში სამხედრო მმართველობის მოსვლის გამო. მათი აზრით, ამ სამხედროებს მუბარაქის მმართველობის დროს მაღალი თანამდებობები ეკავათ. ალბათ ამის გამოცაა, რომ მათი უმრავლესობა რეფორმებთან ფრთხილ დამოკიდებულებას არც ფარავს.
ოთხშაბათს სამხედროებმა ეგვიპტის დროებითი კონსტიტუციის მიღების შესახებ განაცხადეს, რომელიც პრეზიდენტის ვადას ექვსიდან ოთხ წლამდე ამცირებს. ამასთან, ქვეყნის არჩეულ მეთაურს უფლება არ ექნება, თანამდებობა ზედიზედ ორ ვადაზე მეტი ხნით დაიკავოს.