აშშ-ის კომპანია Bartlett Nuclear-მა იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ზე საავარიო სიტუაციის ლიკვიდაციის მიზნით კადრების შერჩევის შესახებ გამოაცხადა.
"დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენს მენეჯერებს იმ ადამიანების მოძიება ვთხოვეთ, რომლებსაც იაპონიაში წასვლა დააინტერესებდათ",_ამის შესახებ კადრების შერჩევის სპეციალისტმა ჯო მელანსონმა განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს კვირაში ამერიკის ენერგეტიკის კომპანია იაპონიაში დაახლოებით 10 ადამიანს გაგზავნის, თუმცა მოგვიანებით, მათ კიდევ რამდენიმე ჯგუფი დაემატება.
ფუკუსიმაზე გამგზავრებისთვის აუცილებელია ატომურ სფეროში გამოცდილების, პასპორტისა და ნათესავების თანხმობის დოკუმენტის ფლობა. ამასთან, იაპონიის ამ ურთულეს ობიექტზე სამუშაოდ წასვლის მსურველი რადიაქტიურ ზონაში მუშაობისთვის მზად უნდა იყოს.
რისკიან ადამიანებს ამ სფეროსთვის განკუთვნილ ანაზღაურებაზე გაცილებით მეტს ჰპირდებიან.
ცოტა ხნის წინ გაცხადდა, რომ პენტაგონი იაპონიაში 155 საზღვაო პერსონალს გაგზავნის, რათა მათ სიტუაციის გამწვავებს შემთხვევაში, დაუყოვნებლივ იმოქმედონ.
ამავდროულად, იაპონიის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციამ ინდივიდუალური დოზიმეტრების ნაკლებობა აღიარა, რაც საავარიო ოპერაციაში მონაწილე ყველა პირისთვის აუცილებელია.
"ფუკუსიმას" მმართველი კომპანიის ოპერატორმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სადგურის თანამშრომლებმა უკმაყოფილება გამოხატეს.
კომპანიის მონაცემებით, ატომურ ელექტროსადგურზე დაახლოებით 5 ათასი ინდივიდუალური დოზიმეტრი შემორჩა, რომლებიც ხმოვანი სიგნალით ატყობინებენ მფლობელს დასხივების საშიშ დონესთან მიახლოების შესახებ. თუმცა ძლიერი ცუნამის გამო მათი უმრავლესობა მწყობრიდან გამოვიდა.
ამჯერად აღდგენითი სამუშაოების წარმოების ზონაში მხოლოდ 320 ინდივიდუალური დოზიმეტრია. ამ დროს კი გარკვეულ დღეებში ატომურ ელექტროსადგურზე 800 ადამიანი მუშაობს.