„დემოკრატიული მოძრაობა" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს გაძლირდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა პატიმრობაში მყოფი ყველა უდანაშაულო ადვოკატი დაუყოვნებლივ იქნეს განთავისუფლებული, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადვოკატების დევნა. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ადამიანის უფლებათა დაცვის და ეროვნული უმცირესობის საკითხთა შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ლომსაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დევნას ანხორციელებს.
მისი თქმით, "საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი და სიტუაცია მით უფრო მძიმდება, როდესაც ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ ხორციელდება მიზანმიმართული დევნა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 111 ადვოკატია დაკავებული. „დემოკრატიული მოძრაობა" გმობს ნებისმიერ ძალადობას, და განსაკუთრებით ისეთ ძალადობას, როდესაც ხელისუფლება უკანონოდ უსწორდება ადვოკატთა კორპუსს. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს საფუძველს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ სააკაშვილი-მერაბიშვილის პოლიციური რეჟიმის პირობებში საქართველოში ადამიანის ულებების დაცვის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა, იტყუება, როგორც პრეზიდენტი ასევე მისი გარემოცვა, როდესაც ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ვითარდება დემოკრატიზაციის გზით", - აღნიშნულია ლომსაძის განცხადებაში.
ლომსაძე ყურადღებას ამახვილებს 2010 წლის 21 დეკემბერს ევროპის ადვოკატთა და სამართლებრივი საზოგადოების საბჭოს პრეზიდენტის, ხოსე-მარია დავო-ფერნანდესის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილს.
"ბატონი ფერნანდესი გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ არაერთხელ გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოში ადვოკატების, დემოკრატიული საზოგადოების - ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტის მმართველი რეჟიმის მხრიდან ზღვარგადასული დევნის შესახებ. ფერნანდესი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვავს იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც საქართველოში აღმოჩნდნენ ადვოკატები. სააკაშვილს მიეთითა პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან დანაშაულებრივი, საერთაშორისო სამართლის ნორმების დამრღვევი, ადვოკატთა დაშინების, მათზე ფიზიკური, ფსიქიკური თუ სისხლის სამართლებრივი ზეწოლის გაბატონებულ პრაქტიკაზე. კერძოდ კი მიეთითა ადვოკატების პოლიციელების მიერ რამდენჯერმე ცემის ფაქტებზე, რაც ბ-ნი ფერნანდესის თქმით, მიზნად ისახავს მათი კანონიერი საქმიანობისათვის ხელის შეშლას. "დემოკრატიული მოძრაობა" უერთდება ფერნანდესის და ევროპელი ადვოკატების შეფასებას, სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ადვოკატთა კორპუსს და მის თავმჯდომარეს, ბ-ნ ზაზა ხატიაშვილს, მათ ძალისხმევაში, რომელიც საქართველოს მმართველი რეჟიმის მხრიდან ადვოკატთა ზღვარგადასული დევნის აღკვეთას და ამ პრობლემისადმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად", - დასძენს ლომსაძე.