"მოსკოვი კმაყოფილია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს უარი ეთქვა რუსეთის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვაზე, რომელიც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარ ამბებს ეხებოდა", _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კირილ გევორქიანმა გააკეთა.
თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა ნიდერლანდებში რომან კოლოდკინმა გაზგასმით აღნიშნა, რომ "საქმე მოგებულია".
"სასამართლო სრულებით დაეთანხმა რუსეთის მიერ წარმოდგენილ ძირითად თეზისს. ჩვენ ვამბობდით, რომ მას არ აქვს იურისდიქცია აღნიშნული საქმის განხილვასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებამდე სასამართლო 10 ხმით 6 -ის წინააღმდეგ მივიდა. საქმე დახურულია, შეწყვეტილია სასამართლოს მოქმედება დროებით ზომებზე 2008 წლიდან", _ აცხადებს კოლოდკინი.
შეგახსნებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ აღიარა, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესმა" გაავრცელა.
გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანა და იმის განცხადება, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის ნიშნავს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქმის წარმოება შეწყდება.
სარჩელში საქართველო რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციში ადანაშაულებდა. სარჩელი 1990-2008 წლების შემთხვევებს აერთიანებდა. 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელში საქართველო რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ამტკიცებდა.