საეჭვოა, აშშ-მა ლიბიელ ამბოხებულებს იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ "ნიუ-იორკ თაიმსი" თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, ლიბიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს. ამავე პოზიციაზეა პენტაგონის მეთაური რობერტ გეითსიც.
კლინტონის არგუმენტით, აშშ-ის ხელისუფლებამ ძალიან ცოტა რამ იცის ამბოხებულთა შესახებ, რომლებიც ამჟამად მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.
ამასთან, ევროპაში ნატოს ძალების მეთაური ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი აღიარებს, რომ კადაფის მოწინააღმდეგეებს შორის "ალ-ქაიდას" მომხრეებიც არიან.
თუკი კლინტონისა და გეითსის პოზიცია არ შეიცვლება, მაშინ ერთადერთ ქვეყნად, რომელიც ლიბიელი ამბოხებულებისთვის იარაღის გამოყოფის მომხრე იქნება, საფრანგეთი დარჩება.
ცნობისთვის, აშშ-ის უმაღლესი ხელისუფალნი არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ ლიბიის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებენ.