მოსკოვში მიმდინარე კონსულტაციებმა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის მომავალში ნდობით ურთიერთობებს უნდა ჩაუყარონ საფუძველი. აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირინა აგრბა. მისივე თქმით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი აუცილებელი და მნიშვნელოვანია სოჭში დაგეგმილი ოლიმპიადის გამოც.
"სოფელი აიბგა ჩვენს მხარეს მდებარეობს და გეოგრაფიულადაც და ისტორიულადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ პროექტში კი სოფელი რუსეთისთვისაა მიკუთვნებული", _ აცხადებს აგრბა და დასძენს, რომ აფხაზეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საზღვარი გავიდეს მდინარე ფსოუზე ანუ აფხაზეთის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის არსებული საზღვრების ფარგლებში.
აფხაზური ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირინა აგრბა აღიარებს, რომ მოლაპარაკებებზე "იკვეთება რუსული მხარის სურვილის არქონა მალევე მიიღონ აფხაზეთის პოზიცია".
ამავე დროს აგრბამ აღნიშნა, რომ "იმ შემთხვევაში თუკი წარსულს ძალიან ჩავუღრმავდებით, შესაძლოა ჩიხშიც შევიდეთ, იქიდან კი ძალიან რთული იქნება თავის დაღწევა, როგორც აფხაზური ასევე რუსული მხარეებისათვის", _ აცხადებს აგრბა.