მუამარ კადაფის რეჟიმმა ბრიტანეთის ხელისუფლებასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ "გარდიანი" იტყობინება. გამოცემის თანახმად, მოლაპარაკების მიზნით დიდ ბრიტანეთში მოჰამედ ისმაილი გაგზავნეს, რომელიც ლიბიის ლიდერის ვაჟის სეიფ ალ-ისლამის ერთ-ერთი უახლოესი თანაშემწეა.
ინფორმაცია, რომ ისმაილი ცოტა ხნის წინ ლონდონში იმყოფებოდა, გაზეთმა ბრიტანული ხელისუფლების წყაროსგან შეიტყო.
გარდიანის თანახმად, ისმაილის გამგზავრება ლიბიის ჩინოვნიკებსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებათა ერთ-ერთი ეტაპი იყო. ამ მოლაპარაკების საშუალებით, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ლიბიის რეჟიმი ქვეყანაში შექმნილი სიოტუაციიდან გამოსავლის მოძებნას ცდილობს.
გარდიანის მიხედვით, ამ მოლაპარაკებებში მთავარ როლს მუამარ კადაფის ვაჟები ასრულებენ, რომლებიც მათი გარემოცვიდან ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, საკუთარი მამის თამაშიდან გაყვანის შესაძლებლობასაც განიხილავენ. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ლიბიაში ხელისუფლების რადიკალური ცვლილება არ განხორციელდეს.
ფარული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციამ მას შემდეგ გაჟონა, რაც ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი მუსა კუსა დიდ ბრიტანეთში ჩაფრინდა. იგი ტუნისიდან ინგლისში 30 მარტს გაემგზავრა და ლიბიაში საკუთარი თანამდებობის დატოვების შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვა.
ამ ეტაპზე მუსა კუსას ბრიტანული დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან დაკითხვაზე იმყოფება.
ამასთან, ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კადაფის განუდგნენ აფრიკის საქმეებში ლიბიის მინისტრი ალი-ალ-ტრეკი და დიდ ბრიტანეთში ლიბიის ელჩის მოადგილე ტარეკ ჰალიდი.