კოტ-დივუარში საფრანგეთიდან მებრძოლები გაემართნენ. ამის შესახებ "როიტერი" ფარულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტოს ცნობით, ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი ქვედანაყოფი ქვეყნის მსხვილ ქალაქში, აბიჯანის სამხრეთ ნაწილშია დისლოცირებული.
"როიტერის" ინფორმაციით, ჯარისკაცები იმ ფრანგი მოქალაქეების დასაცავად გაგზავნეს, რომლებზეც თავდასხმას ახორციელებენ ივუარის ლიდერ ლორან გბაგბოს მომხრეები. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი სამხედროები აბიჯანის ქუჩებში ბრონეტექნიკით პატრულირებენ.
ამასთან, შეტაკებების დროს ფრანგი ჯარისკაცების მონაწილეობა არ ფიქსირდება.
როიტერის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ფრანგი ჯარისკაცები ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ.
ამასთან, კოტ-დივუარის არჩეული პრეზიდენტის ალასანა უატარის მომხრეები იტყობინებიან, რომ გბაგბოს ულტიმატუმი წაუყენეს. კერძოდ, ისინი პოლიტიკოსისგან წინააღმდეგობის შეწყვეტასა და ხელისუფლებაზე უარის თქმას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალასანა უატარის მომხრები აბიჯანის ძალით აღებით, გბაგბოს დაპატიმრებითა და მისი საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემით იმუქრებიან.
გარდა ამისა, კოტ-დივუარის არჩეული ხელისუფალის მომხრეებმა სპეციალური დადგენილება გამოსცეს, რომლის მიხედვითაც, კოტ-დივუარის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრები განსაკუთრებული განკარგულების გამოცემამდე დახურულად ითვლება. აბიჯანში კი კომენდანტის საათია გამოცხადებული.
გბაგბოსა და უატარს შორის დაპირისპირება 2010 წლის ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მცირეოდენი უპირატესობით უატარამ გაიმარჯვა, ხოლო გბაგბო, რომელიც ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა, არჩევნების შედეგების აღიარებასა და ხელისუფლების გადაცემაზე უარს აცხადებს. ამის გამო კოტ-დივუარში ორ ლიდერსა და მის მომხრეებს შორის დაპირისპირება და შეტაკება დაიწყო.
მსოფლიო საზოგადოებამ უატარი ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. 30 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ კოტ-დივუართან მიმართებით სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი.