დღეს, 1-ელ აპრილს, 16:00 საათზე, ევროპის სახლში (შ.დადიანის ქ. #2), გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი აწყობს ახალი წიგნების პრეზენტაციას, რომელიც ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის 70 წლისთავს ეძღვნება და ინსტიტუტის დაარსების დღეს გაიმართება.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ცენტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნები და ალბომები: კ. მაჩაბელი, შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარები; ქართული ქრისტიანული ხელოვნება (ავტორთა ჯგუფი), მეორე გამოცემა; მ. ყენია, ზემო სვანეთი. შუასაუკუნოვანი კედლის მხატვრობა; იშხანი (თ. დვალი, ნ. ანღულაძე, ფ. დევდარიანი, ვ. სილოგავა); დავით გარეჯის მონასტრები. ნათლისმცემელი, ბერთუბანი (მ. ბულია, დ. თუმანიშვილი, ნ. ვოლსკაია, თ. ჯოჯუა).
წიგნები გამოცემულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით.
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი 70 წლის წინ, 1941 წლის 1-ელ აპრილს აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის თაოსნობით დაარსდა. სწორედ ამ ინსტიტუტთანაა არსებითად დაკავშირებული საქართველოში ხელოვნების ისტორიის, როგორც სამეცნიერო დარგის განვითარება.