რუსეთის ფედერაციის პრემიერის ვლადიმერ პუტინის საკანდიდატო დისერტაცია პლაგიატობაა. ამის შესახებ ვაშინგტონის ბრუკინგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს.
"ვაშინგტონ თაიმსის" ცნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ 20 გვერდიდან 16 გვერდი, რომლითაც პუტინის ნაშრომის საკვანძო ნაწილი იწყება, ან კოპირებულია, ან მინიმალური ცვლილებებით არის გადაწერილი პროფესორების უილიამ კინგისა და დევიდ კლილანდის სტატიიდან, სახელწოდებით "სტრატეგიული დაგეგმვა და პოლიტიკა".
გამოკვლევაში, რომელიც ბრუკინგის უნივერსიტეტმა ჩაატარა, ნათქვამია, რომ პუტინის საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "საბაზრო ურთიერთობაში რეგიონის მინერალური ნედლეულის ბაზის წარმოების სტრატეგიული დაგეგმვა" მნიშვნელოვნად დაესესხა კინგისა და კლილანდის ნაშრომებს. პუტინის დისერტაცია ამ ნაშრომების თარგმანია, რომელიც ჯერ კიდევ 1978 წელს დაიბეჭდა.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინის ნამუშევრის ექვსი დიაგრამა და გრაფიკა თითქმის მთლიანად ემთხვევა ამერიკულ დედანს.
შეგახსენებთ, ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ვლადიმერ პუტინი ეკონომიკური მეცნიერებათა კანდიდატია. მან დისერტაცია 1997 წელს სანკტ-პეტერბურგის სამთო ინსტიტუტში დაიცვა.