საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კრიტიკას საქმიანად მიუდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სახალხო დამცველის ანგარიშის პარლამენტში განსახილველად შემოტანის შეფასებისას განუცხადა.
"ვფიქრობ, ამ დასკვნაში იქნება როგორც პოზიტიურ მოვლენებზე აქცენტები გაკეთებული, ასევე იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არის. ქვეყანა ვითარდება, ქვეყანა მიდის წინ, თუმცა ეს არის მტკივნეული პროცესი და არ ველი, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ყველაფერი იქნება მოწონებული, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამ კრიტიკას შევხვდებით საქმიანად", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის სახალხო დამცველთან ერთად ქვეყანაში ადამიანის უფლების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე იმსჯელონ.