საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გააგრძელოს, თუ ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გაუქმებას აღარ მოითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რატომ ჩაიშალა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შეხვედრა. ოპოზიცია მხოლოდ იმ მიზეზით არ გამოცხადდა შეხვედრაზე, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გაუქმებას მოითხოვენ, რასაც პრინციპულად არ ვეთანხმებით. ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას სურს, 30 კაცი შეიკრიბოს თბილისის სხვადასხვა პარტიულ ოფისში და აქ გადაწყდეს რაიონების წარმომადგენლების ბედი, რომ ისინი დატოვონ პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება ბიომეტრიული სიებით არჩევნების ჩატარებას, ცისკარიშვილი განმარტავს, რომ მმართველი ძალა მზად არის, პილოტური წესით თბილისში ჩაატაროს არჩევნები, თუმცა ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო ამის განხორციელება რაიონებში შეუძლებელი იქნება.