მწერალი და მეცნიერი ვლადიმერ ბუკოვსკი, რომელიც თავის დროზე ანტისაბჭოთა აგიტაციის გამო საბჭოეთიდან გაასახლეს, მიხეილ გორბაჩოვის დაჭერას იმ დანაშაულისთვის მოითხოვს, რაც მან ქვეყნის მეთაურის პოსტზე ყოფნისას ჩაიდინა.
ბუკოვსკიმ ინგლისის ვესტმისტერის მსოფლიო სასამართლოს გორბაჩოვის დაჭერის მოთხოვნით უკვე მიმართა. იმ დანაშაულთა შორის, რომლებშიც ბუკოვსკი ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებს, 1989-91 წლებში თბილისში, ბაქოსა და ვილნიუსში მოწყობილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების დაშლის ბრძანებაცაა.
გამოცემა RFI-ის ცნობით, აქციების დარბევასა და 100-ზე მეტი ადამიანის მოკვლაში გორბაჩოვის პერსონალური პასუხისმგებლობა არ დადასტურებულა.
ბუკოვსკის მიმართვის განხილვა სსამართლომ გადადო. როგორც სასამართლოს მისამართით დაწერილ მის საპასუხო წერილშია ნათქვამი, მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ გორბაჩოვი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური მისიით იმყოფება და კერძოდ, პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან შეხვედრას აპირებდა. ეს კი ყოფილი საბჭოთა ლიდერის ხელშეუხებლობას განაპირობებდა.
სინამდვილეში, ბუკოვსკი ამტკიცებს, რომ მისი ცნობების თანახმად, საბჭოთა ექს-პრეზიდენტი ამჯერად ლონდონში კერძო ვიზიტით იმყოდება. ხოლო იმის გამო, რომ გორბაჩოვი არანაირ სახელმწიფო პოსტს არ ფლობს, იგი რუსულ მხარესაც ვერ წარმოადგენს.
ამასთან, დისიდენტი ვესტმისტერის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივებას აპირებს.
შეგახსენებთ, 30 მარტს ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში მიხეილ გორბაჩოვის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი შედგა.
ცნობისთვის, 1976 წელს ვლადიმერ ბუკოვსკი საბჭოთა კავშირიდან გაასახლეს. მანამდე კი მან ბანაკებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში იძულებითი მკურნალობა გაიარა.
2008 წელს ბუკოვსკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იგი არ დაარეგისტრირა. ბუკოვსკი ანდრეი სახაროვსა და ალექსანდრე სოლჟენიცინთან ერთად საბჭოეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დისიდენტად მიიჩნევა.