"ფუკუსიმა-1"-ის ატომური ელექტროსადგური, რომელზედაც ავარიული შემთხვევები და რადიაციის გაჟონვა არ წყდება, უნდა დაიხუროს. ამის შესახებ განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა გააკეთა. ამ ინფორმაციას იაპონიის სააგენტო "კიოდო" ავრცელებს.
რეაქტორის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება იაპონიის პრემიერმა ადგილობრივი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა. უფრო ადრე კი "ფუკუსიმას" სასწრაფო დახურვის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა იუკიო ედანომ განაცხადა.
მიუხედავად ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ზე პრობლემები იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ დაიწყო. ატომური რეაქტორი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა, იმ დროისთვის მომუშავე სამმა რეაქტორმა კი გაგრილება შეწყვიტა. ამან აფეთქებებების სერია გამოიწვია, რაც რადიაციის გაჟონვით აღინიშნა.
იაპონიის ექსტრემალური სამსახურის შეფასებით, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვის წყალში რადიოაქტიული იოდის შემცველობა ნორმას 4385-ჯერ აღემატება.