"დემოკრატიული მოძრაობა" სახალხო კრების ლიდერ ნონა გაფრინდაშვილის 51-ე საჯარო სკოლაში არ შეშვების ფაქტს გმობს.
"ჩვენ არ გვინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ხელისუფლება ამგვარი სამარცხვინო მეთოდებით ებრძვის განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს; სადაც სკოლის დირექტორი, ხელისუფლებისგან იღებს დავალებას სკოლაში არ შეუშვას, კარი მიუხუროს, პრობლემები შეუქმნას ადამიანებს და მით უფრო ჩვენი ქვეყნის ისეთ ღირსეულ შვილს, როგორიც ნონა გაფრინდაშვილია. ჩვენ არ გვინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, რომლის ხელისუფლებაც საზოგადოებაში ღირსეული, ავტორიტეტული, პროფესიონალი ადამიანებისადმი უპატივცემულობას ნერგავს. ასეთი საზოგადოება ხელისუფლებისთვის მარტივად სამართავია, ასეთი საზოგადოების დაშინება და მოსყიდვა ადვილია, ასეთი საზოგადოება სჭირდება ხელისუფლებას რეჟიმის გასაძლირებლად. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ჩვენი გადაგვარება ფასეულობების არმქონე, მორჩილ და დაშინებულ საზოგადოებად", - აღნიშნულია ბურჯანაძის მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მრავალგზის, ხუთგზის მსოფლიო და თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 51-ე საჯარო სკოლაში მანდატურმა არ შეუშვა. ბურჯანაძის პარტიის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ნონა გაფრინდაშვილს კანონით დადგენილი წესების სრული დაცვით 51-ე სკოლაში საკუთარი შვილიშვილის შეყვანა სურდა.