ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გვერდის ავლით არ მოხდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ჩანაწერი ორგანიზაციის წესდებაში არსებობს, მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ მომხდარა და არც ჩვენს შემთხვევაში არ ექნება ამას ადგილი. არ გვგონია, რომ საქართველოს პოზიციის უგულვებელყოფა მოხდება, მით უმეტეს, რომ ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია. თანაც ასეთ გამონაკლისს ბევრი სახელმწიფოს თანხვედრი პოზიცია სჭირდება", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კალანდაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
რაც შეეხება ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს, კალანდაძის შეფასებით, ის პოზიტიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი ერთი თვის განმავლობაში გაიმართება.
როგორც ცნობილია, თბილისსა და მოსკოვს შორის რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები 10 მარტს დაიწყო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ორგანიზაციის წესდების მიხედვით, შესაძლებელია ვმო-ში კონკრეტული სახელმწიფოს ერთი წევრი ქვეყნის პოზიციის გვერდის ავლით გაწევრიანება, თუმცა ასეთ შემთხვევაში საკითხს ყველა დანარჩენი წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი კონსესუსი სჭირდება.