ფრაქცია "თავისუფალი საქართველოს" წევრი კახა კუკავა თბილისის საკრებულოს ინიციატივით მიმართავს, რათა ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფის მიზნით თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საბურთალოს ქუჩას ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს.
ამის შესახებ დღეს კახა კუკავამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, დამოუკიდებლი საქართველოს დედაქალაქში, სადაც უკვე არის პრეზიდენტ კაჩინსკის, ალიევისა და ბუშის ქუჩები, ზვიად გამსახურდიას სახელს არცერთი ქუჩა არ ატარებს. რაც შეეხება სანაპიროს, რომლის ნაწილსაც უკვე დაერქვა ალიევის სახელი, პრაქტიკულად,მკვდარი მონაკვეთია, სადაც არცერთ ობიექტზე არ არის განთავსებული შესაბამისი აბრა",_აცხადებს კუკავა.
ამასთან, იგი მოითხოვს, ჯერ კიდევ 2008 წლიდან ბიუჯეტში შეტანილი კოლხური კოშკის რეაბილიტაციის საკითხი რეალურად განხორციელდეს.
"ჯერ კიდევ არ დასრულებულა პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლ- მუზეუმის კოლხური კოშკის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც წლებია „მიმდინარეობს",_აცხადებს კახა კუკავა.
მისივე თქმით, ამ საკითხს იგი საკრებულოში დააყენებს, რათა თბილისის საკრებულოს შესაბამისი კომისიის სხდომაზე კოლხური კოშკის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინონ.
კახა კუკავას მოთხოვნას დღესვე გამოეხმაურა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილი.
მისი თქმით, თბილისის საკრებულო რჩევას არ მიიღებს იმ ადამიანისგან, რომელიც კრემლიდან იღებს კონსულტაციებს.
"თბილისის საკრებულო კარნახს არ მიღებს იმ პოლიტიკოსოსაგან, რომელიც დარბის კრემლის კარზე და ჟირინივსკის ესაუბრება",_აცხადებს იმედაშვილი.
იმედაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლწებამ ზვიად გამსახურდიას პატივი უკვე მიაგო, იგი საქართველოში გადმოასვენეს, მთაწმინდაზე დაკრძალეს, მისი სახელი კი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ეწოდა.
"კუკავას თქმით, თურმე ეს ადგილი მკვდარი ობიექტი ყოფილა. არადა, ამ ადგილის მიმდებარედ განლაგებულაი ანჩისხატი, სიონი",_აღნიშნა იმედაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი რეფერენდუმის 20- წლისთავი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 72-ე წლისთავი აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები