ევროკავშირს რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღება არ სურს. ამის შესახებ რუსეთში ბელგიის ელჩმა გი ტრუვერუამ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ცალმხრივად გააუქმებს, ევროკავშირი საპასუხო ნაბიჯს არ გადადგამს და რუსებისთვის ვიზება არ გააუქმებს.
გი ტრუვერუამ დააზუსტა, რომ აღნიშნული საკითხისადმი ევროკავშირის დამოკიდებულების მიზეზი ჩრდილოეთ კავკასიაში შექნილი ვითარებაა. ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთის პრობლემური რაიონებიდან ევროკავშირის ქვეყნებს ლტოლვილების დიდი ნაკადი მიაწყდება. ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში მიგრანტებთან დაკავშირებით ისედაც ბევრი პრობლემაა. მაგალითად მან იტალიაში ჩრდილოეთ აფრიკიდან დიდი რაოდენობით წამოსული ლტოლვილები დაასახელა.
ელჩის განცხადებით, სავიზო რეჟიმის გაუქმებით უფრო მეტად რუსეთია დაინტერესებული, ევროკავშირის მხრიდან კი მხოლოდ სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე იქნება საუბარი, რომელსაც პროცედურული ხასიათი ექნება.
მანამდე რუსეთის პრემიერი ვალდიმერ პუტინი აღნიშნავდა, რომ რუსეთი ევროპელი პარტნიორები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას რუსეთთთან უვიზო რეჟიმზე გადსვლის აუცილებლობის შესახებ. პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებდა, რომ რუსეთი და ევროკავშირი 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც რუსეთში უნდა გაიმართოს, სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი იმედოვნებდა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი 2011 წელს ამოიწურებოდა.