"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წინ ბრიფინგი გამართა და ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.
„პარლამენტს დღეს წარედგინება სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც ასახავს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს სურათს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის და მისი რეკომენდაციების იგნორირებას პარლამენტში წერტილი უნდა დაესვას. ომბუდსმენის მოხსენების მოსმენის შემდეგ ჩვენ დავაყენებთ მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს" - განაცხადა ლალიაშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" წელიწადზე მეტია მუშაობს პატიმართა უფლებების დაცვის კომიტეტი, რომელიც პენიტენციალურ სისტემაზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის შედეგები თანხვედრაშია ომბუდსმენის ანგარიშთან, საიდანაც ირკვევა, რომ უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი ბათუმის, ზუგდიდის, ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და გლდანის N2 საპყრობილეში, ასევე ქსნის ძველ დაწესებულებაში. მისივე თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ციხეებში პატიმრების გარდაცვალების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა. ეს მონაცემი 33%-ითაა გაზრდილი შარშანდელთან შედარებით.
„ანგარიშში დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც სპეცრაზმის ჩარევით ხდებოდა პატიმრების ცემა, როგორც ქსანში, ასევე გეგუთში. პატიმრების ცემის ფაქტებს ადგილი ქონდა გლდანის N2 და რუსთავის N6 საპყრობილეებში. აღწერილია სამოხელეო დანაშაულის, წამების, ღირსების შელახვის ფაქტები", - აცხადებს ლალიაშვილი.