„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პარტიის მთავარ ოფისში, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო წარმომადგენელს ონო ჰატინგა ვან ჰეთ სანტსა და საქართველოში ნიდერლანდების სრულუფლებიან ელჩს პიტერ ლანგენბერგს შეხვდა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სამინისტროს წარმომადგენელთან და ელჩთან საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ რეალობა და მოვლენების მოსალოდნელი განვითარების სცენარები იყო.
სტუმრები საქართველოში მედიის, სასამართლო და საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის შეფასებებით დაინტერესდნენ.
ნინო ბურჯანაძემ სამინისტროს წარმომადგენელსა და ელჩს იმ უკანონობისა და ტერორის შესახებ, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტებისა და კონკრეტულად „დემოკრატიული მოძრაობის" მხარდამჭერების მიმართ ახორციელებს, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მან სტუმრებს პარტიისა და „სახალხო კრების" ხედვები, მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო.