"სოთბის" აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს პოლ გოგენის მიერ შესრულებული ხის სკულპტურა, სახელწოდებით "ახალგაზრდა ტაიტელი ქალი". ნამუშევარი 15 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
ვაჭრობა ნიუ-იორკში 3 მაისს გაიმართება. 25 სანტიმეტრის სიმაღლის ბიუსტი უცნობ გოგონას განასახიერებს, რომელიც ფრანგმა მხატვარმა 1891-1893 წლებში კუნძულ ტაიტიზე პირველი ვიზიტის დროს შექმნა.
გოგენმა დამოუკიდებლად შექმნა არა მხოლოდ ქალის თავისა და მხრების გამოსახულება, არამედ _ მისი მორთულობაც, რომელიც ნიჟარებითა და მარჯნით დაამშვენა.
ტაიტელი ქალის მარცხენა ყური თავდაპირველად ყვავილით იყო მორთული. კისრის უკან კი ამოტვიფრულია ორი მელიის გამოსახულება. ამ ნიშანს გოგენი ხშირად იყენებდა, რაც მისთვის სექსუალობის სიმბოლო იყო.
გოგენის "ახალგაზრდა ტაიტელი ქალი" მის შემოქმედებაში ერთადერთ დასრულებულ ბიუსტად მიიჩნევა. მხატვარმა იგი მხატვრობის კრიტიკოსისა და კოლექციონერ ჟან დოლენის გოგონას, 10 წლის ჟანა ფურნიეს უსახსოვრა. ნამუშევარი 1961 წლიდან არ გამოუფენიათ.
აპრილში გოგენის ნამუშევარს ჰონგ-კონგში, ლონდონსა და ნიუ-იორკში წარმოადგენენ.