შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ოპოზიციის პრეტენზიებს საკითხის არცოდნას უკავშირებს. ამის შესახებ ურუშაძემ სამთავრობო დებატების დასრულების დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ჩავიწერე ყველა შენიშვნა, მაგრამ ბევრი უსაფუძვლო იყო, მათ შორის წამლების ხარისხთან დაკავშირებით. ბევრი კითხვა და პრეტენზია არის იმის გამო, რომ არ არიან სრულად ინფორმირებულები და ან არ იციან დეტალურად სფერო", - დასძინა მინისტრმა და აღნიშნა, რომ წამლების შემოტანის გამარტივებული რეჟიმი მხოლოდ იმ მედიკამენტებს შეეხო, რომელიც აღიარებულია და მოიხმარება აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში.
რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს, ურუშაძე მიიჩნევს, რომ "პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსთვლით ადეკვატური პასუხი გასცა".
შეგახსენებთ, რომ 22 მარტიდან პარლამენტში სამთავრობო დებატები მიმდინარეობდა, რომლის დროსაც რვა მინისტრმა დეპუტატებს საკუთარი ხედვა გააცნო. დღეს სამთავრობო დებატები პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა შემაჯამებელი მოხსნებით დახურა.