პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში სამთავრობო დებატებმა რეგულარული სახე მიიღოს. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს სამთავრობო დებატების შეფასებისას განუცხადა.
"დებატები ნამდვილად შედგა. ჩვენ ვიხილეთ ძალიან მწვავე გამოსვლები და არ დარჩენილი პრაქტიკულად არც ერთი კითხვა დაუსმელი, რომელიც აწუხებდა საზოგადოებას, პარლამენტის წევრებს. ჩვენ ვიხილეთ მწვავე დებატებიც, კონკრეტული წინადადებებიც და ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ დებატები შედგა", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი შეფასებით, დებატების საბოლოო შედეგები უნდა იყოს ის, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს რა პრობლემებია ქვეყანაში და როგორ გეგმავს მის მოგვარებას მთავრობა უახლოეს მომავალში.
"დებატების შედეგი უნდა იყოს, რომ საზოგადოებამ დაინახოს რამდენად მოახერხებს მთავრობა და პარლამენტი ერთად დაეხმაროს მოსახლეობას ყველა იმ პრობლემის გადაჭრაში, რომელიც დღეს აწუხებთ. ამ თვალსაზრისით ეს დებატები სარგებლო იყო და არ გამოვრიცხავ, რეგულარულ სახე მიიღოს", - დასძინა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტიდან პარლამენტში სამთავრობო დებატები მიმდინარეობდა, რომლის დროსაც რვა მინისტრმა დეპუტატებს საკუთარი ხედვა გააცნეს.
დღეს სამთავრობო დებატები პრემიერ-მინისტრმა შემაჯამებელი მოხსენებით დახურა.