საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, მთავრობა 100-დოლარიან პენსიასთან დაკავშირებით დაპირებას აუცილებლად შეასრულებს.
"ერთ-ერთი მთავარი თემა 100-დოლარიანი პენსია იყო. პრეზიდენტიც და ჩვენი გუნდიც დავფიქრდით ამ 100-დოლარიან პენსიაზე და ნამდვილად შევასრულებთ, ისევე, როგორც შევასრულეთ ყველა დაპირებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გავაჟღერეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, 2011 წლის განმავლობაში მთავრობა წარმოადგენს საპენსიო რეფორმას, სადაც გაწერილი იქნება 100-დოლარიანი პენსიის თემაც.
"ჩვენ წარმოგიდგენთ საპენსიო რეფორმას, სადაც ამ რეფორმისთვის გაწერილი იქნება სწორედ 100-დოლარიანი პენსიის თემაც. მე თვითონ გახლდით ფინანსთა მინისტრი, როცა პენსია იყო 38 ლარი არცთუ ისე შორეული წარსულიდან. ეს იყო 2007 წელი და 2011 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 100 ლარი. ეს არის 260 პროცენტით გაზრდილი საპენსიო განაკვეთი 4 წლის განმავლობაში და ეს არც ისე ცუდი ტენდენციაა", - განმარტა გილაურმა.