რეგიონის მასშტაბით გაზზე დაბალი ფასის გამო, საქართველოში ახალი ინვესტიციები შემოდის და ახალი საწარმოები იხსნება. როგორც სამთავრობო დებატებისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, ენერგეტიკული საკითხების განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი სატარიფო პოლიტიკა იყო.
"დანამდვილებით მინდა ვთქვა, რომ მთელი რეგიონის მასშტაბით, საქართველოს გაზი ყველაზე იაფად მიეწოდება, რაღა თქმა უნდა, აზერბაიჯანის გარდა. საქართველოს გაზი 143 დოლარად მიეწოდება, ბელორუსს - 194 დოლარად, სომხეთს - 180 დოლარად, მოლდოვას - 260 დოლარად, თურქეთსა და ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანას 300 დოლარზე უფრო ძვირად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გილაურმა კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი კერძო კომპანია "მინა", რომელსაც 2006 წელს პრობლემები ჰქონდა, იმის გამო, რომ რეგიონის ფარგლებში, საქართველოში გაზის ფასი ყველაზე ძვირი იყო.
"დღეს კი იმის გამო, რომ რეგიონის მასშტაბით საქართველოში გაზის ფასი არის უფრო იაფი, კომპანია უფრო დიდ ინვესტიციებს დებს და აფართოებს საწარმოს. ეს არის ჩვენი მიზანი და სწორედ ამას ემსახურება ის ხელშეკრულება, რომელიც გავაფორმეთ. უფასო გაზი არ არსებობს. არც რუსეთიდან სომხეთისთვის მიწოდებული გაზია უფასო", - აღნიშნა გილაურმა.