ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ძალოვანი მინისტრებისგან კონკრეტულ საქმეებზე განმარტებები უშედეგოდ მოითხოვა.
დეპუტატს სურდა იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ეპასუხა, შეისწავლა თუ არა მან ზურაბ ვაზაგაშივილის საქმე, რომელშიც ახალი გარემოებები გამოიკვეთა და რომელიც პოლიციელების უდანაშაულობას აბათილებს.
"ოპოზიციამ ამ საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა უშედეგოდ მოითხოვა და ასევე უშედეგოდ დაარიგა ის ფოტოები, რომელმაც გააქრო ის არგუმენტი, რომლითაც პოლიცია გაამართლეს", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ პარლამენტში, სამთავრობო დებატებისას და აქვე დაინტერესდა იმითაც, შეისწავლა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის აგრესიის შედეგების შემსწავლელი კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეკითხვით შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართა და ჰკითხა, რამდენად ადეკვატურად მიაჩნია მას სამინისტროს რეაგირება ზანდუკელის ქუჩის ინციდენტზე, რომლის დროსაც პოლიცია ორი არასრულწლოვანი უკანონოდ დააკავა.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის შეკითხვები უპასუხოდ დარჩა. მათზე არც თავად ადრესატ მინისტრებსა და არც პრემიერ ნიკა გილაურს პასუხები არ გაუცია.