აფხაზეთმა რუსეთთან ტერიტორიალური კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია დაჩქარებული წესით უარყო.
"არანაირი დავა არ არსებობს. ორმხრივი კომისიის სამუშაო სხდომის პირველივე დღეს მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს, რაც დღესაც გაგრძელდება", - განუცხადა "ინტერფაქსს" რუსეთში აფხაზეთის ელჩმა იგორ ახბამ.
მისი თქმით, მოსკოვში სწორედ სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ამდენად, მის შედეგებზე დაყრდნობით არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება.
"დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტის ვარიანტს ვიპოვით, რომელიც ორივე ხალხისთვის მისაღები იქნება", - აღნიშნა ახბამ.
როგორც აფხაზური დელეგაციის მეთაურმა, პარლამენტის დეპუტატმა ვალერი კვარჩიამ აღნიშნა, სამშაბათს დაწყებული ორმხრივი კომისიის მუშაობის პირველივე დღე ნაყოფიერი და კონსტრუქციული აღმოჩნდა.
აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის დეპუტატები ვალერი ბგანბა და გარიკ სამანბა, ეკოლოგიისა და ბუნებით სარგებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე რომან დბარი, ასევე, აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის რესპუბლიკური სამმართველოს წარმომადგენლები.
რადიო "სვობოდას" ინფორმაციით, მოლაპარაკებების მსვლელობისას მოსკოვმა აფხაზეთს ვარიანტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ტერიტორიის 160 კვ. კილომეტრი რუსეთს უნდა გადაეცეს. საუბარია გაგრის რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე, რომელიც რიწის ტბასთან მდებარეობს.