ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი როდოლფო უოლშის სახელობის არგენტინის ჟურნალისტური პრემიით დაჯილდოვდა, რომელსაც არგენტინის სახელმწიფო უნვერსიტეტის მიერ არის დაწესებული.
ჩავესი მედიაბაზარზე კერძო მონოპოლიების წინააღმდეგ გაცხოველებული ბრძოლის გამო დააჯილდოეს.
ჯილდოს მიღებისას უგო ჩავესმა აღნიშნა, რომ ბურჟუაზიული და იმპერიალისტური ზეგავლენისგან მედიასაშუალებების გასათავისუფლებლად იბრძვის.
მას შემდეგ, რაც ჩავესი 1999 წელს ვენესუელის ხელისუფლებაში აღმოჩნდა, სხვადასხვა მიზეზთა გამო რამდენიმე კერძო ტელეარხი და რადიოსადგური დაიხურა, რომლებსაც უგო ჩავესი ოპოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.
კერძოდ, 2007 წელს ტელეარხ RCTV -ს ლიცენზია ჩამოართვეს. ამასთან, სახელმწიფო ძალას არ იშურებს, რათა ვენესუელაში ერთადერთ დამოუკიდებელ ტელეარხ Globovision -ზე აქციათა საკონტროლო პაკეტი მოიპოვოს. ამჯერად სახელმწიფოს ამ კომპანიის აქციათა 25,8 პროცენტი ეკუთვნის.
არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", Amnesty Internarional-მა, პრესის საერთაშოროსო ინსტიტუტმა უგო ჩავესი პრესის შეზღუდვის გამო არაერთხელ გააკრიტიკა.
ცნობისთვის, მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი, არგეტინელი ჟურნალისტი როდოლფო უოლში 1977 წელს ე.წ. "ბინძური ომის" დროს მოკლეს, როცა მემარცხენე ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ხუნტის მიერ სახელმწიფო ტერორი განხორციელდა.